თეგი: ბუქარესტის სამიტი

ანდერს ფოგ რასმუსენი: თბილისისა და კიევისთვის MAP-ი ბუქარესტში უნდა მიგვეცა

„იმ შეხვედრისას, პუტინმა გამოგვიცხადა, რომ უკრაინა, და განსაკუთრებით ყირიმი, ეს რუსეთის ნაწილი იყო და არა დამოუკიდებელი ქვეყანა, რომ კიევი ყველა რუსი ქალაქის დედა იყო და ასეთები... ნეტავ, მაშინ კარგად მოგვესმინა მისთვის, მაგრამ სერიოზულად არ აღვიქვამდით“, - ასე იხსენებს 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე პუტინთან NATO-ს ლიდერების საუბარს იმ დროს დანიის პრემიერ-მინისტრი ანდერს ფოგ რასმუსენი. ალიანსის გენერალური მდივანი ის რუსეთ-საქართველოს ომის წლისთავზე გახდა. დღეს, 2008 წლის და შემდგომი პერიოდის სხვა შეცდომებსა და პუტინის პარანოიაზე ლაპარაკობს, კვლავ რჩება მე-5 მუხლთან დაკავშირებული სპეციალური დათქმით საქართველოს NATO-ში გაწევრიანების მომხრე და პასუხობს იმ კითხვაზეც, რა მოდელი გამოდგება უკრაინის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. „2008 წელს ბუქარესტში საქართველოსა და უკრაინას MAP-ი არ მივეცით, მაგრამ დავპირდით, რომ გახდებოდნენ NATO-ს წევრები - შემდეგ დავიწყეთ ამაზე მუშაობა - შევქმენით NATO& უკრაინის და NATO საქართველოს კომისიები. ანუ, მაპ-ით გათვალისწინებული პროცესის ნაცვლად, წინსვლის სხვა გზა ავირჩიეთ. მაგრამ დღევანდელი გადმოსახედიდან, ვფიქრობ, რომ ეს არასწორი არჩევანი იყო - თბილისისა და კიევისთვის MAP-ი იქ, ბუქარესტშივე უნდა მიგვეცა. ეს არ გავაკეთეთ - ეს კი სიგნალი იყო პუტინისთვის, რომ NATO-ში უთანხმოებაა. მან ეს სისუსტე გამოიყენა და მალევე შემოიჭრა კიდეც საქართველოში. წყარო - რადიო თავისუფლება

NATO: ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების ერთგულნი ვრჩებით

NATO-ში 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების ერთგულია. შესაბამისი განცხადება NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ხავიერ კოლომინამ Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში გააკეთა.  ექსკლუზიური ინტერვიუ ხავიერ კოლომინასთან „NATO-ში გაწევრიანების მიმართულებით საქართველოს მისწრაფებებთან დაკავშირებით, 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების ერთგულნი ვრჩებით. ურყევი რჩება ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩვენ ასევე ვაგრძელებთ ჩვენს საერთო უსაფრთხოებაში საქართველოს წვლილის აღიარებას. საქართველო იყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი კონტრიბუტორი ჩვენს მისიებში ავღანეთში და მნიშვნელოვანი როლი ითამაშა 2021 წლის ზაფხულში ევაკუაციის ძალისხმევაში. როგორც იცით, საქართველო შეუერთდა NATO-ს სწრაფი რეაგირების ძალებს და ახლახან მასპინძლობდა NATO-საქართველოს წვრთნებს, რომლებშიც 600-მდე ჯარისკაცი მონაწილეობდა“, - აღნიშნავს ხავიერ კოლომინა Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში.  ინფორმაციისთვის, 2008 წლის 3 აპრილს, ბუქარესტის სამიტზე ალიანსმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ საქართველო გახდება NATO-ს წევრი ქვეყანა.